ინსტიტუტის შესახებ


ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი დაარსდა 2015 წლის ნოემბერში საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ბაზაზე. მის საქმიანობაში ჩართულია როგორც აკადემიური პერსონალი, ასევე სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები დოქტორანტების ჩათვლით და პრაქტიკოსი იურისტები.

ინსტიტუტის მიზანია ხელი შეუწყოს სისხლისსამართლებრივი დოგმატიკისა და პრაქტიკის განვითარებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ წმინდა თეორიული კვლევებით, არამედ სათანადო ყურადღება დაეთმობა მატერიალურ თუ ფორმალურ სისხლის სამართალში გადასაჭრელ პრაქტიკულ პრობლემებს.

თანამედროვე ქართული სისხლის სამართალი წარმოუდგენელია საერთაშორისო გავლენების გარეშე. უკვე ათეული წლებია, მასზე გავლენას ახდენს გერმანული სისხლის სამართალი, ამიტომაც ამ მიმართულებით კვლევებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა, მათ შორის შედარებითსამართლებრივი კუთხით.

ბოლო პერიოდში გერმანულ სისხლის სამართალთან ერთად მნიშვნელობა შეიძინა სხვა საერთაშორისო ფაქტორებმაც, იქნება ეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ევროსაბჭოს თუ ევროკავშირის სტანდარტების სახით. მათი გავლენების შესაბამისი გაანალიზების გარეშე ქართული სისხლის სამართლის განვითარება პრაქტიკულად შეუძლებელი და აზრს მოკლებულია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინსტიტუტის მიზანია ქართულ, გერმანულ და საერთაშორისო სისხლის სამართალს შორის არსებული ურთიერთმიმართების სიღრმისეული კვლევის განხორციელება და საერთაშორისო სტანდარტებთან ნაციონალური კანონმდებლობის დაახლოვების ხელშეწყობა.